კანდიდატების დისტანციურად შერჩევა - რეკრუტინგული პროცესების Online ტრანსფორმაცია

დღეს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სულ უფრო რთული ხდება პირდაპირი რეალური კომუნიკაციის დამყარება კანდიდატებთან. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც კანდიდატებს უწევთ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება გასაუბრებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს კვალიფიციური პოტენციური თანამშრომლის დაკარგვას. ამიტომ დროა განვიხილოთ თუ როგორ შეუძლია თქვენს კომპანიას მიმდინარე რეკრუტინგული პროცესების ტრანსფორმაცია ვირტუალურ პროცესებში.

რეკრუტინგის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არ წარმოადგენს სიახლეს. კანდიდატებზე ინფორმაციის მოგროვებით, დახარისხებით, Online გასაუბრებით და ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ტექნოლოგიები ამარტივებს მთლიან პროცესს, დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებიდან, დასრულებული თანამშრომლის დაქირავებამდე.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ კონფერენციაზე, ერთ-ერთი მსხვილი სოციალური მედიის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა მოდელი, თუ როგორ იყენებდა მისი კომპანია დამატებით ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა კანდიდატებთან ვირტუალური გასაუბრების ხარისხი.

იმ დროისთვის, დამსწრე საზოგადოებისთვის მსგავსი შეხედულება საკმაოდ ფუტურისტულად ჟღერდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეკრუტინგის პროცესი. ამასთან, დღევანდელ ახალ რეალობაში აუცილებელიც კი გახდა ვირტუალური პროცესების წარმოება, რომ გააგრძელოთ ტალანტების მოზიდვა.

იმისათვის, რომ შეფერხების გარეშე გააგრძელოთ რეკრუტინგული პროცესები Online-ში, ვფიქრობ ორი რამ არის აუცილებელი:

  1. შესაბამისი ტექნოლოგია და Online რეკრუტინგის ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარებიან ტრადიციული პროცესებიდან ვირტუალურ პროცესებზე ტრანსფორმაციაში.
  2. ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ვირტუალურ კომუნიკაციას კანდიდატთან, რომელსაც შესაძლოა ფიზიკურად ვერ შეხვდეთ და გუნდის თუ კომპანიის გაცნობა მოგიწიოთ ვირტუალურ გარემოში.

ტექნოლოგიების კუთხით, მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოვახდინოთ 3 ძირითად ასპექტზე:

  1. რამდენად კარგად არის გამართული და მორგებული თქვენს პროცესებს “ტალანტების შერჩევის პროგრამა” რომელსაც თქვენ იყენებთ ან აპირებთ, რომ დანერგოთ.
  2. როგორ და რა საშუალებით აწარმოებთ ვიდეო გასაუბრებას კანდიდატთან.
  3. რა პლატფორმებს გამოიყენებთ, რომ კანდიდატებს მაქსიმალურად ეფექტურად წარუდგინოთ თქვენი კომპანია, როგორც ბრენდი.

ტალანტების შერჩევის პროგრამა

იმისათვის, რომ მოახდინოთ თქვენი რეკრუტინგული პროცესების ტრანსფორმაცია ვირტუალურ სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ “ტალანტების შერჩევის პროგრამა”.

კომპანიაში ყველა რეკრუტერს უნდა ქონდეს წვდომა აღნიშნულ პროგრამაზე, საერთო Online სივრცეში მოქცეულ სრულ ინფორმაციაზე ვაკანსიების, კანდიდატების თუ შეფასების შესახებ. ეს ერთიანობა თავიდან აგაცილებთ ინფორმაციის გაზიარებას ელ-ფოსტის თუ ფურცლების საშუალებით, რაც პოტენციურად დაკავშირებულია ინფორმაციის დაკარგვის ან ერთმანეთში არევის რისკებთან. კანდიდატებთან კომუნიკაცია და გამოხმაურება მაქსიმალურად უნდა მოხდეს ერთიანი სისტემის ქვეშ.

ყველა რეკრუტინგული პროცესის ერთიან სისტემაში მოქცევა გაცილებით სწრაფ შედეგს მოგცემთ, ვიდრე ტრადიციული მიდგომები

ვიდეო გასაუბრება

ტრადიციული გასაუბრებისგან განსხვავებით, Online ვიდეო გასაუბრების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის პიროვნების უკეთ ამოცნობის სირთულე. თუმცა, დადგენილია, რომ კანდიდატები ვიდეო გასაუბრების დროს უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და მეტად ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი თავი წარუდგინონ რეკრუტერს, ვიდრე ტრადიციული პირდაპირი გასაუბრების დროს.ტრადიციული გასაუბრებისგან განსხვავებით, Online ვიდეო გასაუბრების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის პიროვნების უკეთ ამოცნობის სირთულე. თუმცა, დადგენილია, რომ კანდიდატები ვიდეო გასაუბრების დროს უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და მეტად ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი თავი წარუდგინონ რეკრუტერს, ვიდრე ტრადიციული პირდაპირი გასაუბრების დროს.

არსებობს რამოდენიმე საინტერესო ტექნოლოგიური ხელსაწყო ვიდეო გასაუბრების ჩასატარებლად, რომლებსაც აქვთ ისეთი დამატებითი ფუნქციონალი, როგორიცაა მაგალითად რამოდენიმე რეკრუტერის დასწრება და ერთმანეთში აზრების გაზიარება უშუალოდ გასაუბრების დროს. ასევე შესაძლებელია ონლაინ ტესტირების ჩატარება გასაუბრებისას.

თუმცა მსგავსი შედეგის მიღება შესაძლებელია ისეთი პროგრამების საშუალებით, რომლებსაც დღესდღეობით ყველა ვიყენებთ კომუნიკაციისთვის, მაგალითად: Zoom, Skype.

მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების შედეგების ასახვა მოხდეს ტალანტების შერჩევის პროგრამაში.

კომპანიის ბრენდინგი

ხშირია შემთხვევები, როდესაც კანდიდატები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, სადაც აგზავნიან რეზიუმეს. დამეთანხმებით, მხოლოდ ვაკანსიის აღწერის ცოდნა საკმარისი არ არის. სასურველია კანდიდატს მივაწოდოთ გარკვეული სახის ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არსებული მიდგომების თუ კორპორატიული კულტურის შესახებ.

გარკვეულწილად მსგავს ინფორმაციას კანდიდატები იღებენ უშუალოდ გასაუბრების დროს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მოვახდინოთ კანდიდატების ინფორმირება კომპანიის შესახებ. ამისათვის კი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა კომპანიის ე.წ “კარიერის გვერდი”, სადაც ხდება კომპანიის ბრენდინგი და ყველა ვაკანსიის ერთ სივრცეში თავმოყრა.

შეჯამება

მთლიანობაში, ტრადიციული რეკრუტინგული პროცესები შესაძლოა სარკისებულად ტრანსფორმირდეს Online რეკრუტინგულ პროცესებში ისე, რომ დამატებით მიიღოთ ბენეფიტები:

  • პროცესების ავტომატიზაცია, დროითი დანახარჯის შემცირება, ინფორმაციის ერთიან სივრცეში მოქცევა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება “ტალანტების შერჩევის პროგრამის” გამოყენებით.
  • კანდიდატებთან გასაუბრების Online რეჟიმში დაგეგმვა და ჩატარება.
  • კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება და ბრენდინგი.

Online რეკრუტინგი სამომავლოდ შესაძლოა ნორმად იქცეს, ამიტომ კომპანიებმა საწყის ეტაპზევე უნდა ავუწყონ ფეხი განვითარებას, რათა დაიკავონ მოწინავე პოზიციები ამა თუ იმ ბიზნეს პროცესების მართვაში.